საუბარი ედგარზე

June 11, 2018 | Author: Mari Burjanadze | Category: Documents


Comments



Description

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი


მაგისტრატურის მეორე კურსის სტუდენტის
მარიკა ბურჯანაძის
რეფერატი
გალაკტიონის თანაზიარი აჩრდილი





2017
გალაკტიონის ლექსებში ხშირად გვხვდებიან ალიგიერი, ბოდლერი, გოტიე, ვერლენი, ვერჰარნი, მოცარტი, ნოვალისი და სხვები. პოეტის ნაწარმოებების სტუმარია ასევე ედგარ ალან პო. ედგარი პირველი ამერიკელი მწერალია, რომელმაც გადაწყვიტა მხოლოდ წერით ერჩინა თავი, მისი ტექსტები ცნობილი იყო როგორც გოთური ჟანრის საშინელებათა ნაწარმოებები, იგი ამ ჟანრის ჩამოყალიბებასა და ფართო მკითხველისთვის გავრცელებასაც ცდილობდა. მისი თხზულებების ძირითადი თემა იყო სიკვდილი, ცოცხლად დამარხვა, ადამიანის სხეულის ხრწნა... მის ლექსებში ხშირად ჩნდებიან ლანდები და აჩრდილები.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ედგარი გალაკტიონის ნაწარმოებების ხშირი სტუმარია. ერთ-ერთი ლექსი, რომელშიც ამ ამერიკელი მწერლისა და პოეტის სახე გვხვდება არის საუბარი ედგარზე":
ლანდებს სასახლეში მხოლოდ მაშინ ელი
როცა საუბარი ედგარ პოეზეა"
გალაკტიონისთვის ლანდები და ედგარ პო განუყოფლად არიან დაკავშირებულნი ერთმანეთთან, ამის საშუალებას მას ედგარის პოეზია აძლევს, თავის ლექსებში პო ხშირად ესაუბრება აჩრდილებსა თუ ლანდებს, ამის მაგალითად შეგვიძლია დავასახელოთ ლექსი ოცნების მხარე", რომელშიც ლირიკული გმირი სწორედ აჩრდილს მიმართავს თხოვნით, აპოვნინოს, საით არის ეს ოცნების მხარე.


აჩრდილს თანაზიარს მარად საშინელი
დასდევს განწირულთა შავი პოეზია"
გოჩა კუჭუხიძე წერს: ეს თანაზიარი აჩრდილი, რომელსაც განწირულთა შავი პოეზია დასდევს, ის სული, ის დემონია, რომელიც ედგარ პოს აწამებს და მისი პოეზიიდან და პროზიდან გალაკტიონის სულისკენაც იკვლევს გზას. ედგარის ხსენებისას გალაკტიონს ცივი და შემზარავი ლანდების სამეუფეო წარმოუდგება", ჩემი აზრით, მართალია, რომ როცა ედგარ პოს შემოქმედებას ეცნობა მკითხველი, პირველად სწორედ სიცივისა და სიკვდილის ლანდები წარმოუდგება თვალწინ, სწორედ ასეა ეს გალაკტონისთვისაც, მაგრამ, როგორ შეიძლება ამ კუთხით თანაზიარნი ანუ თანამოაზრენი ვუწოდოთ ედგარსა და გალაკტიონს, როგორც ამას გოჩა კუჭუხიძე გვთავაზობს, როცა ედგარისა და გალაკტიონის შეხედულებები სიკვდილზე განსხვავებულია, მართალია, ორივე პოეტი მეტისმეტადაა დაინტერესებული ამ თემით, მაგრამ თუ ედგარისთვის სიკვდილი ოცნების მხარეში" გადასვლაა, გალაკტიონის სულს ცივ სამარეში წოლა" სულაც არ უხარია.
ლექსში ედგარი მესამედ" გალაკტიონი წერს:
ჩვენ მივდიოდით ტაძრისკენ ორი
იყო საღამო. ლოცვები. ზარი.
და ჩვენს საოცარ გზაზე, ლენორა,
რტოებს ტირილით ამტვრევდა ქარი."
ლენორა ედგარის ყორანის" მიხედვით მზეთუნახავი ქალია, რომელიც ცასთან ახლოს ცხოვრობს, ამ ლექსით გაკლაკტიონი არა მხოლოდ იმას ამტკიცებს, რომ კარგად იცნობს ედგარის პოეზიას, არამედ იმასაც, რომ ორივენი თანამოაზრეები არიან, ამაზე მიუთითებს ის, რომ ლირიკული გმირი სწორედ ედგართან ერთად მიუყვება ტაძრის გზას და ეს ტაძარი პოეზიის ტაძრად შეიძლება გავიაზროთ, მაგრამ ეს ორი პოეტი თანამოაზრეა არიან არა ისე, როგორც ამას გოჩა კუჭუხიძე გვაწვდის, არამედ იმ კუთხით, რომ ორივენი ერთი და იმავე თემით, სიკვდილით არიან მეტად დაინტერესებულნი, გალაკტიონს მოსწონს, რომ ედგარი თავის ნაწარმოებებში სიკვდილზე წერს, ისიც მოსწონს, თუ როგორ წერს ამერიკელი პოეტი, მაგრამ მათი შეხედულებები ერთი არ არის და ეს სულაც არ არიც გასაკვირი ან მოულოდნელი, რადგან ყოველი ხელოვანის ხედვა ინდივიდუალურია, არც ერთი შემოქმედი არ არის ვალდებული უპირობოდ გაიზიაროს სხვისი თვალსაზრისები თუ დამოკიდებულებები ამა თუ იმ საკითხზე. მაშასადამე, გალაკტიონისთვის ედგარი თანაზიარია(თანამოაზრე) არა იმიტომ, რომ ეთანხმება სიკვდილის მისეულ აღქმაში, არამედ იმიტომ, რომ ისიც იმავე თემით ინტერესდება.





მოვა შუაღამის ბნელი სტუმარივით
სანთლებს გაანელებს, დარბაზს დააბნელებს"
ამ სტრიქონების წაკითხვის შემდეგ მკითხველს უნებურად აგონდება ყორანის" ის სტროფები, სადაც ედგარ პო წერს:
მან (იგულისხმება ყორანი) კარებთან დაკიდებულ ჭრაქის შუქიც დაფარა
სული ჩემი იმ ჩრდილიდან ოთახი რომ დაფარა
წამოიწევს? "არარა!"
პოემა ყორანის" ლირიკულ გმირს ეს მისტიური ფრინველი სწორედ შუაღამისას ესტუმრა, ამიტომ შეიძლება, რომ გალაკტიონის მიერ შუაღამის სტუმრის ხსენება ალუზიად მივიჩნიოთ.
მარტოსულობის, სიცივისა და სიკვდილის ასოციაციას იწვევს ლექსის ბოლო სტრიქონები:
ცივი უდაბნოა ღამე უშფოთველი
თანაც გაიხედავ: შენაც დაღამდები -
ირგვლივ დამჭკნარია ფერი და ფერვალი
ასეთ სანახავად, როგორც თანამდები,
ბაღში შეშლილივით კვდება თებერვალი".
სხვადასხვა მკვლევარი სხვადასხვა ვარაუდს გამოთქვამს, თუ რას ნიშნავს ფერვალი". მიხეილ ალავიძე მას გალაკტიონისეულ ნეოლოგიზმად მიიჩნევს, მაგრამ, მეორეს მხრივ, ივანე გიგინეიშვილი წერს, რომ ძნელია ასეთი დიდი შესაძლებლობების მქონე სხვა ქართველი პოეტის დასახელება, რომელსაც ასე ცოტა ეფიქროს ახალი სიტყვების შეთხზვაზე. ასეთი სიტყვები გალაკტიონის პოეზიაში საძებარია".
ალექსანდრე ფოცხიშვილის აზრით, ლექსის ევფონიის მოთხოვნით, ფონის შემქმნელ სტრიქონში ხშირად ჩნდება აზრობრივად არცთუ მაინცდამაინც ნათელი და შესატყვისი სიტყვა", სწორედ ასეთად მიაჩნია მას ფერვალი.
საყურადღებოა გურამ გოგიაშვილის აზრი, რომ ფერვალი არის ფრანგი მწერლის, მარივოს ერთ-ერთი რომანის, იღბლიანი გლეხის" პერსონაჟი, დიდი ალბათობით, სწორედ ამ ფერვალზე საუბრობს გალაკტიონიც, ის ხომ გატაცებული იყო და კარგადაც იცნობდა ყველაფერს ფრანგულს, თუმცა, გაურკვეველი რჩება, რატომ ახსენებს მას იმ ნაწარმოებში, რომელშიც ედგარზე საუბრობს. თუ რატომაა ფერვალი დამჭკნარი, ამაზე ლექსის განწყობა მიგვითითებს - ისეთი მწუხარებითა და სიცივით სავსე ნაწარმოებში როგორიცაა საუბარი ედგარზე", ფერვალი მხოლოდ დამჭკნარი შეიძლება იყოს.
დავით წერედიანი თავის ერთ-ერთ წერილში წერს, რომ ლექსი ლოგიკური სილოგიზმი არ არის, რომელშიც ყველაფერი ერთმანეთისგან მათემატიკური სიზუსტით გამომდინარეობს, განსაკუთრებით შეიძლება ეს ითქვას სიმბოლისტურ ლექსებზე", ჩემი აზრით, არ იქნება მცდარი, თუ ამ განმარტებას გალაკტიონის ზემოთ განხილულ ლექსს დავუკავშირებთ. ზოგადად, ლექსი ავტორის სუბიექტური განწყობილებების გადმომცემია და ამდენად, ზოგჯერ რთული მისახვედრია, რას გულისხმობდა ავტორი ამა თუ იმ ნათქვამში. საუბარი ედგარზე" სწორედ სიმბოლისტური ლექსია, რომელშიც შესაძლოა ყველა სიტყვა ვერ გაიგო, მაგრამ, ლექსის განწყობის ამოცნობა მაინც შესაძლებელია, მთლიანობაში, ეს ლექსი წარმოაჩენს თუ როგორი დამოკიდებულება ჰქონდა გალაკტიონს ედგარისადმი - იგი მას თანაზიარ აჩრდილად მიიჩნევს, რომლის პოეზიაც შავია. შავია, ალბათ, იმიტომ, რომ პოს ნაწარმოებებში მთავარი თემა სიკვდილია. გარდა ამისა, ლექსში აშკარაა ცივი, ლანდებიანი ატმოსფერო, რაც ასე ხშირადაა ედგარის პოეზიაში.

რაც შეეხება მხატვრულ მხარეს, უნდა ითქვას, რომ პოეტი ყოველ ტაეპში რითმავს პირველ და მესამე, ასევე - მეორე და მეოთხე სტრიქონებს, რაც ლექსს განსაკუთრებით მუსიკალურს ხდის:
ხშირად მაგონდება: ფოთლებშემოცლილი
სახემიბნედილი ქალის მწუხარება,
მთვარით დაბურული მთვარით შემოსილი
მთვარით დაძონძილი ოხვრა... შეყვარება!".

Copyright © 2024 DOKUMEN.SITE Inc.